понедельник, 20 января 2014 г.

ვიქტორინა - კონკურსი

(ზოგადი წესები)

     კონკურსებში შეიძლება მონაწილეობდეს გარკვეული ჯგუფი ან მთელი კლასი. იგი შეიძლება ჩატარდეს სასკოლო ან სარაიონო (საქალაქო) მასშტაბით. თუ კონკურსი ერთ კლასში ტარდება, მასწავლებელს შეუძლია საკუთარი სურვილით, მოსწავლეთა დონის გათვალისწინებით შეარჩიოს 8-10 კითხვა.წამყვანი თავად მასწავლებელია. თუ მონაწილენი თავს გამოიჩენენ, შეიძლება ჩავაბათ უფრო რთულ ვიქტორინაში (10-15 კითხვით). სწორი პასუხები თამაშის დასასრულამდე ყველა მონაწილისათვის უნდა იყოს ცნობილი.
     სასკოლო ვიქტორინის ჩატარება მოსწავლეებს შეიძლება კედლის გაზეთის საშუალებით ვამცნოთ. განცხადებაში უნდა აღინიშნოს თამაშის ჩატარების დრო, ადგილი, წესები და ის საკითხები, რომელსაც შეეხება ვიქტორინა. (მაგ: ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება და სხვ.) წინასწარ უნდა ვურჩიოთ მოსწავლეებს თვალი გადაავლონ ამა თუ იმ წიგნს, გაეცნონ ხელოვნების ნიმუშებს მუზეუმების ან რეპროდუქციების საშუალებით, უყურონ რომელიმე შესაბამის ფილმს და ა.შ. შეიძლება შევარჩიოთ ორი წამყვანი მოსწავლე - ერთი წაიკითხავს კითხვებს, მეორე თვალყურს ადევნებს - ვინ პირველი აიწევს ხელს.
     აუცილებელია შევადგინოთ ჟიური. კარგია თუ იქნება მოსწავლეთა ჟიური, რომელიც შეთანხმების მიხედვით ქულებს დაუწერს გუნდებს. თამაშის დასასრულს კი შეაჯამებს და გამარჯვებულს გამოარკვევს.
     გამარჯვებულ გუნდს (მოსწავლეს) შეიძლება დავურიგოთ მხატვრული რეპროდუქციები, მოსწავლეთა თვითნაკეთი სუვენირები, სასკოლო ნივთები და ა. შ.
ვიქტორინა - კონკურსის მსვლელობისათვის აუცილებელია მუსიკა, რომელიც სასიამოვნო ელფერს სძენს თამაშს. ის შეიძლება გავამრავალფეროვნოთ, აგრეთვე, მოსწავლეთა მიერ ცოცხლად შესრულებული სიმღერით, მხატვრული კითხვით და ა. შ.
     მაყურებელიც შეიძლება ჩავრთოთ  ვიქტორინაში, თუ თითოეულ გუნდს მივცემთ საშუალებას ერთ შემთხვევაში გამოიყენოს დარბაზის დახმარება. შეიძლება დავაწესოთ მაყურებლისათვის სპეციალურად შეკითხვები და გავათამაშოთ პრიზი ყველაზე ორიგინალური პასუხისათვის.
     ერთი სიტყვით, ვიქტორინის გამრავალფეროვნება დამოკიდებულია მასწავლებლის ფანტაზიასა და შემოქმედებაზე...
     გისურვებთ წარმატებებს!