понедельник, 20 января 2014 г.

ვიქტორინა - კონკურსი

(ზოგადი წესები)

     კონკურსებში შეიძლება მონაწილეობდეს გარკვეული ჯგუფი ან მთელი კლასი. იგი შეიძლება ჩატარდეს სასკოლო ან სარაიონო (საქალაქო) მასშტაბით. თუ კონკურსი ერთ კლასში ტარდება, მასწავლებელს შეუძლია საკუთარი სურვილით, მოსწავლეთა დონის გათვალისწინებით შეარჩიოს 8-10 კითხვა.წამყვანი თავად მასწავლებელია. თუ მონაწილენი თავს გამოიჩენენ, შეიძლება ჩავაბათ უფრო რთულ ვიქტორინაში (10-15 კითხვით). სწორი პასუხები თამაშის დასასრულამდე ყველა მონაწილისათვის უნდა იყოს ცნობილი.
     სასკოლო ვიქტორინის ჩატარება მოსწავლეებს შეიძლება კედლის გაზეთის საშუალებით ვამცნოთ. განცხადებაში უნდა აღინიშნოს თამაშის ჩატარების დრო, ადგილი, წესები და ის საკითხები, რომელსაც შეეხება ვიქტორინა. (მაგ: ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება და სხვ.) წინასწარ უნდა ვურჩიოთ მოსწავლეებს თვალი გადაავლონ ამა თუ იმ წიგნს, გაეცნონ ხელოვნების ნიმუშებს მუზეუმების ან რეპროდუქციების საშუალებით, უყურონ რომელიმე შესაბამის ფილმს და ა.შ. შეიძლება შევარჩიოთ ორი წამყვანი მოსწავლე - ერთი წაიკითხავს კითხვებს, მეორე თვალყურს ადევნებს - ვინ პირველი აიწევს ხელს.
     აუცილებელია შევადგინოთ ჟიური. კარგია თუ იქნება მოსწავლეთა ჟიური, რომელიც შეთანხმების მიხედვით ქულებს დაუწერს გუნდებს. თამაშის დასასრულს კი შეაჯამებს და გამარჯვებულს გამოარკვევს.
     გამარჯვებულ გუნდს (მოსწავლეს) შეიძლება დავურიგოთ მხატვრული რეპროდუქციები, მოსწავლეთა თვითნაკეთი სუვენირები, სასკოლო ნივთები და ა. შ.
ვიქტორინა - კონკურსის მსვლელობისათვის აუცილებელია მუსიკა, რომელიც სასიამოვნო ელფერს სძენს თამაშს. ის შეიძლება გავამრავალფეროვნოთ, აგრეთვე, მოსწავლეთა მიერ ცოცხლად შესრულებული სიმღერით, მხატვრული კითხვით და ა. შ.
     მაყურებელიც შეიძლება ჩავრთოთ  ვიქტორინაში, თუ თითოეულ გუნდს მივცემთ საშუალებას ერთ შემთხვევაში გამოიყენოს დარბაზის დახმარება. შეიძლება დავაწესოთ მაყურებლისათვის სპეციალურად შეკითხვები და გავათამაშოთ პრიზი ყველაზე ორიგინალური პასუხისათვის.
     ერთი სიტყვით, ვიქტორინის გამრავალფეროვნება დამოკიდებულია მასწავლებლის ფანტაზიასა და შემოქმედებაზე...
     გისურვებთ წარმატებებს!

понедельник, 18 февраля 2013 г.

მე-6 კლასი

       ვიქტორინა-კონკურსები ჩემი საყვარელი თემაა. სიამოვნებით ვმუშაობ ამ საკითხზე და ვთვლი, რომ ბავშვებსაც ძალიან უყვართ. თუ ცოტა სტიმულიც აქვთ პატარ-პატარა სიმბოლური საჩუქრების სახით ხომ მთლად უკეთესი...
      ეს ფოტოებიც ერთ-ერთი კონკურსის ფოტოებია. ის შარშან ჩავატარეთ მე-6 კლასში. ბავშვებმა თავიანთი პაწაწა ხელებით შექმნეს ეს მწირი, მაგრამ მაინც საინტერესო მასალა, შეაჯამეს მთელი წლის მანძილზე ნასწავლი, გახალისდნენ და ბევრი ახალი ინფორმაციაც აითვისეს....

 მუშაობა ჯგუფებში...




















ეს ჟიურია ..


















ეს კი მოსწავლეთა ნამუშევრები...




















 

суббота, 3 декабря 2011 г.

შეიძლება...

კონკურსები შეიძლება მრავალნაირი მოვიფიქროთ. გააჩნია მიზანს, დანიშნულებას, მასწავლებლის ფანტაზიას და შემოქმედების უნარს ...
მაგალითად ასეთი დასახელების:
- " ვინ უკეთ იცნობს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას?"
- "კითხვა-პასუხის საღამო"
- "ჩემი სამშობლოს რუკასთან"
- "ვიმოგზაუროთ საქართველოში..."
და სხვა......

ეს კონკურსი უკვე ტრადიციად ვაქციე. აგერ უკვე მერამდენე წელია ტარდება ამ სახის ვიქტორინები. ამჯერადაც განმეორდა იგივე – უფროსებისთვის უკვე ერთფეროვანი, მაგრამ  პატარებისთვის ყოველთვის მხიარული და ხალისიანი.  ჩატარდა ვიქტორინა-კონკურსი ”ვიმოგზაუროთ დედამიწის გარშემო”, რომელშიც მე-6 კლასელებმა დიდი ცოდნა და უნარები გამოამჟღავნეს. ამ დროს ისეთი ბავშვები აქტიურობენ, გაგიკვირდებათ... გაკვეთილზე რომ ხმას ვერ ამოაღებინებ...



პოლიტიკური პლაკატების დათვალიერება-კონკურსი

    პროექტი სასურველია განვახორციელოთ ხელოვნების კათედრასთან თანამშრომლობით.
    წინასწარ  ჩავატაროთ საუბრები, შეხვედრები, დათვალიერება, გაკვეთილები თემაზე: "პოლიტიკური პლაკატი". გამოვაცხადოთ სკოლაში  განცხადებით ინფორმაცია კონკურსის შესახებ, სადაც მითითებული იქნება კონკურსის ჩატარების თარიღი, პირობები და ნამუშევრების წარდგენის ადგილი და ვადები. მოვუწოდოთ მოსწავლეებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა მასში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველას, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად.
      შეფასების მეთოდი: აუდიტორიას ვურიგებთ პატარა ფერად ფურცლებს, რომელსაც უნდა დააწერონ პლაკატის ნომერი, წინასწარ განსაზღვრული ქულათა რაოდენობა და გადასცენ ჟიურის წევრებს, რომელთა ვინაობა წინასწარ არის ცნობილი. შეფასებაში მონაწილეობს ყველა - როგორც მოსწავლეები, ასევე, პედაგოგები და მოწვეული საზოგადოება...
       ჟიურის ევალება დაითვალოს ხმების რაოდენობა და გამოავლინოს გამარჯვებული. ეს პროცესი შეიძლება მოხდეს როგორც იმავე დღეს, ისე  რამდენიმე დღის შემდეგაც (მონაწილეთა რაოდენობის და დასათვლელი ხმების რაოდენობის გათვალისწინებით).
     სასურველია ჟიურის დირექციასთან ერთად წინასწარ ჰქონდეს მოფიქრებული რაიმე პრიზი ან პრიზები სხვადსხვა სახეობაში (მაგ: პრიზი - ყველაზე ორიგინალური ნამუშევარი, პრიზი - საუკეთესო ფერწერა და ა. შ.) მოსწავლეთა წახალისების მიზნით....

"თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირების დღე"

     წინასწარ შეიძლება ჩავატაროთ საუბრები, შეხვედრები, გაკვეთილები თემაზე: "ჩვენ  გვიყვარს ჩვენი სამშობლო!"  ან  "ჩვენ ქართველები ვართ!"  და ა. შ.
     სკოლაში შეიძლება დავაწესოთ ერთი განსაკუთრებული დღე და ვაქციოთ ტრადიციად  სასკოლო ცხოვრებაში. პროექტი  ითვალისწინებს თანამედროვე გმირობის ამსახველი მასალების შეგროვებასა და წარმოჩენას. თუ ეს შესაძლებელია, მოვამზადოთ სასკოლო რადიოგადაცემა - რატომ დავაწესეთ ეს დღე?.. მოვუწოდოთ ბავშვებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ აქციაში. ღონისძიებას მივუძღვნათ კედლის გაზეთები, რომლებშიც მოთავსებული იქნება წერილები თანამედროვე ქართველი გმირების შესახებ.
     პირველ ეტაპზე მუშაობა იწყება კლასებში, ან შესაძლოა ჯგუფებში. ბავშვები თავად ირჩევენ რომელიმე ქალაქს, რაიონს, სოფელს, აგროვებენ მასალებს მათ შესახებ და ეძებენ ინფორმაციას იქაური გმირების (გმირის) შესახებ. აგროვებენ ხალხის მონათხრობს,  ფოტომასალას, შეისწავლიან გმირის (გმირების) ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათი გმირობის ამბავს.  ამის შემდეგ ამზადებენ კედლის გაზეთებს, სტენდებს, ბუკლეტებს და ა. შ. ამზადებენ თითო მხატვრულ - მუსიკალურ ნომერს, რომელსაც უძღვნიან საკუთარ გმირს (გმირებს) ხსოვნის პატივსაცემად.
    რაც მთავარია, ყველა საიდუმლოდ მუშაობს სურვილით არჩეული ხელმძღვანელი - მასწავლებლის მითითებებით, გამოფენა - კონკურსის წინასწარ შერჩეულ დღემდე.
    წინასწარ შერჩეულ დღეს (სასურველია ეს დღე დაემთხვეს ოკუპაციის დღეს - 25 თებერვალს) იმართება დიდი დათვალიერება:
1. გამოფენა - კონკურსი, რომელიც შეიძლება მთელი კვირა გაგრძელდეს.
2. მოსწავლეთა მიერ თანამედროვე ქართველი გმირების ხსოვნის პატივსაცემად მომზადებული კონცერტი.
3. შეხვედრა ომის ვეტერანებთან ან პოლიტიკურ მოღვაწესთან.
    წინასწარ მომზადებული გადაწყვეტილების მიხდვით, შეირჩევა გამოფენის სამი საუკეთესო ნიმუში.  შეიძლება  დავაწესოთ კონცერტის თითოეული სახეობის საუკეთესო მონაწილეთა გამოვლენა.
     გამარჯვებულები  წავახალისოთ ექსკურსიით ოკუპაციის მუზეუმში (ან რაიმე სხვა სახით , რაც მასწავლებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული....)

"საქართველო ჩემი სამშობლოა"

(ნიმუში)
ვიქტორინა - კონკურსის ეტაპები.
1. ეტაპი.
პრიზი მაყურებლისთვის -  "ყველაზე ორიგინალური პასუხი"
კითხვა: "ვინ არის ჩემი წინაპარი ჩემთვის - მხოლოდ სიამაყის სიმბოლო თუ მაგალითი, რომელსაც გზამკვლევად მივიჩნევ?"

ერთ-ერთი ორიგინალური პასუხი:
























2. ეტაპი.
"შეხვედრა წარსულთან"
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ (...... ისტორიული პირი) და ცხოვრობთ (....საუკუნეში). რას ურჩევთ XXI ს-ის ქართველ ახალგაზრდებს?

ნიმუში:
























 3. ეტაპი.
"რას გვიამბობს რუკა?"
 აქ აუცილებელია მცირე ზომის რუკები

მოსწავლეთა პასუხი. (ნიმუში)

  





















 
4. ეტაპი.
"შეაფასეთ პიროვნება."
აქ ნებისმიერ ცნობილ პიროვნებას შეაფასებენ წინასწარ მოცემული კითხვარის მიხედვით. მაგ:
1. როდის მოღვაწეობდა?


2. რა იყო მისი მიზანი?
3. როგორი იყო მისი მოქმედების გეგმა?
4. ვის ინტერესებს გამოხატავდა იგი?
5. მიაღწია თუ არა მიზანს? რატომ?
6. ხასიათის რომელი თვისება დაეხმარა მას მიზნის მიღწევაში?
7. რომელი თვისება არ მოგეწონათ მის ხასიათში? რატომ?
8. ჩამოთვალეთ მისი საქმიანობის ძირითადი შედეგები.
9. გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება მისი მიზნებისა და მიზნის მიღწევის საშუალებების მიმართ.
10. შეაფასეთ მისი როლი და მნისვნელობა ისტორიაში თავისი დროისათვის და მისი გავლენა შემდგომ თაობებზე.



5. ეტაპი.
"შეადგინეთ მოთხრობა"
აქ ნებისმიერი ლეგენდის სიტყვებს მივცემთ და თვითონ უნდა შეადგინონ მოთხრობა სწორად. მაგ:
ქუჯი. ფარნავაზი. მამასახლისი. ირემი. აზო. მცხეთა. სამეფო ტახტი. ოქრო. ბრძოლა. რეფორმები. (დავალების მაქს. ქულაა 10. თითო სწორად შედგენ. წინადადება 1 ქ.)

პასუხის ნიმუში:






















6. ეტაპი. 
"ტესტები"
ეს თქვენს გემოვნებასა და მიზნებზეა დამოკიდებული.

7. ეტაპი.
"გამოიცან თარიღი."
აქაც თქვენზეა, რომელიც გნებავთ ის თარიღი მიეცით. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ და გაიხსენონ რა მოხდა ამ წელს და რა ამბებია მასთან დაკავშირებული.

 პასუხის ნიმუში:




















8. ეტაპი.
" ბლიც კითხვები"
მოსწავლემ უნდა შეძლოს 1 წთ.-ში უპასუხოს რაც შეიძლება ბევრ კითხვას. რამდენ კითხვასაც უპასუხებს იმდენ ქულას მიიღებს.
























9. ეტაპი. 
"ასოციაციობანა"
მოსწავლემ უნდა შეძლოს მოცემულ სიტყვაზე გაიხსენოს მასთან დაკავშირებული რაც შეიძლება ბევრი სახელი, ადგილი, თარიღი, მოვლენა და ა. შ. რამდენ სწორ პასუხსაც შეძლებს იმდენ ქულას მიიღებს..

 პასუხის ნიმუში:




















და ა. შ. სათამაშო ეტაპების მოფიქრება მასწავლებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული....

აღნიშნული გეგმით ჩატარებული კონკურსები რუსთავის მე-13 საჯარო სკოლაში:





კონკურსის მონაწილენი, რომლებიც უკვე კურსდამთავრებულნი არიან.




მარტივი კუსტარული ემბლემები